კანონზე მაღლა არავინ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ, ოპოზიციის დევნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია სრულად შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს. "რაც შეეხება შეკითხვას ოპოზიციის დევნასთან დაკავშირებით, კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატიის პრინციპი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს შეკითხვა მედიის, კონკრეტულად კი "რუსთავი 2"-ის შესახებაც დაუსვეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს, მართლმსაჯულების გარანტი კი სახელმწიფო იქნება.
"მე პატივს ვცემ ამ არხს. ვფიქრობ. ჟურნალისტები პროფესიონალები არიან, თუმცა საქმე ეხება კონფლიქტს ორ მხარეს შორის. ეს არ არის კონფლიქტი მთავრობასა და არხს შორის. ამ შემთხვევაში ეს არ არის დევნა. ჩვენ არ დაგვიწყია გამოძიება "რუსთავი 2"-თან მის ამჟამინდელ თუ ყოფილ მფლობელებთან დაკავშირებით. ეს საქმე განიხილება სასამართლოში ორ მხარეს შორის. ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონეა, მეორე კი ამჟამინდელი. პროცესი ღია და გამჭვირვალეა და რა თქმა უნდა, მინდა ცხადი იყოს, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მართლმსაჯულების გარანტი ვიქნებით", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.