ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ესტონეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონელმა კოლეგამ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
"ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში" - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ტაავი რიივასმა ირაკლი ღარიბაშვილს რეზიდენცია დაათვალიერებინა და აივნიდან ძველი ქალაქის ხედებიც აჩვენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზებს. შეხვედრაზე აღინიშნა ესტონეთის მდიდარი გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს 2016-2018 წლებში (ორი წლის ვადით) საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით გამოხატული მხარდაჭერისთვის.