"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანია "იმედის" და "პირველი არხის" კომპეტენტური პირები აუცილებლად დაიკითხებიან ახალი ხელისუფლების და ახალი პროკურატურის პირობებში.
ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაცილებით ადრე იცოდნენ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე მისი და მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერი გავრცელდებოდა, ვიდრე ის საჯარო სივრცეში მოხვდებოდა, რაზეც მისი თქმით, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.
"ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ პანიკაში ჩააგდო ხელისუფლება და უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს სახეზე. საქართველოს მთავრობა ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. საიტი, სადაც ეს ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს არის "ფეესბეს" მოპოვებული. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესს გამოხატავენ - ტელეკომპანია "იმედი" და "პირველი არხი" დღეს ნებსით თუ უნებლიდ გამოდიან ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები. გამოძიება აუცილებლად წარიმართება ამ მიმართულებით, რომ დადგინდეს როგორია თანამშრომლობა "ფეესბესა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ეს გამოძიება ცხადია დღეს ვერ წარიმართება, ამ გამოძიებას ჩაატარებს მიუკერძოებელი პროკურატურა, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული და რა თქმა უნდა, დაიკითხებიან ამ ორივე არხის კომპეტენტური პირები, თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების საჯარო სივრცეში ატვირთვამდე, ეს ინფორმაცია. როგორ დაიწყეს სინქრონების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად და ვინ იყო ის თანამდებობის პირი ვინც მათ ეს აცნობა. ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული და თქვენ მეგობრებო აუცილებლად მოგიწევთ ამ ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, ხოლო ის ვინც ასეთ დავალებებს იძლევა, სჩადის დანაშაულს და დაისჯება",-განაცხადა გვარამიამ.