რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება

რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ადვოკატებმა.

მოპასუხე მხარის, "რუსთავი 2"-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებით მათ ექნებათ საშუალება, რომ მოხდეს ყველა ინსტანციაში "რუსთავი 2"-ის საქმის გასაჩივრება, ვიდრე არ დადგინდება სიმართლე.

"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად მოაზროვნე მოქალაქეებს. ეს ნიშნავს, რომ რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა. ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მოსარჩელე მხარის ადვოკატი პაატა სალიაც. მისი თქმით, დაუყოვნებლივ აღსრულებას მოსარჩელე მხარე არც აქამდე ითხოვდა, რადგანაც არ იყვნენ პოზიციაში ჩამოყალიბებული.

"ჩვენ არ დაგვიყენებია და არც გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივ აღსრულებას, ეს იდეაც, სხვათა შორის, "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ვაპირებდით აღსრულებას და ვიღაც სპეცნაზით შესვლას აპირებდა ტელეკომპანიაში. დაუყოვნებლივ აღსრულება ჩვენ არ გვითხოვია. ჩემი გერმანელი კოლეგის მოსაზრება იყო, რომ მომხდარიყო დაუყოვნებლივი აღსრულება, თუმცა ეს ევროპული პრაქტიკაა. რაც შეეხება მე და ზოგადად ჩემს მხარეს, არ მიგვიღია მსგავსი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაატა სალიამ.