"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნულით საქართველოში დემოკრატია გადარჩა.
გვარამაის თქმით, ტელეკომპანია არ შეწყვეტს ბრძოლას გადარჩენისთვის.
"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება ბიძინა აივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა რეიდერული აღება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვერ შედგა. ჩვენ საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა, საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, როგორ შეგვიძლია ომი ხელისუფლებასთან ამას ჩვენ ვაჩვენებთ ყველას და ეს უკვე ნახა მოსახლეობამ. ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ ქართული დემოკრატია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება დროებით შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის იურისტებმა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში 26 ოქტომებრს შეიტანეს. ისინი იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.