საპატრიარქო ე.წ.თვითმკვლელ ღვთისმშობლის ნახატს მკრეხელობად მიიჩნევს

საპატრიარქო ე.წ.თვითმკვლელ ღვთისმშობლის ნახატს მკრეხელობად მიიჩნევს

ე.წ. თვითმკვლელ ღვთისმშობლის ნახატს საპატრიარქო მკრეხელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ტექსტი მედიას პრესმდივანმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნახატი საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელია, რაც ევროკავშირის ქვეყნებში სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა.

საპატრიარქო მიმართავს განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, დააფიქსირონ თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და მიიღონ ყველა ზომა საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ასევე მოუწოდებს მრევლს, თავი შეიკავონ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხოფისაგან.

"როგორც ცნობილი გახდა, ამა წლის 24 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე სხვებთან ერთად გამოტანილი იყო ნახატი, რომელზეც გამოსახულია მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობელი საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. თუმცა, არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნეები ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით, გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ამაზე მიუთითებს ევროპული კონვენციის მეათე მუხლი და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილება. არაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუ ღვთის გმობა, სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეში. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არა მარტო მორწმუნეთა შეურაცხოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე. წ. მეცნიერული დაკვირვებები მათზე. ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს. რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულებელყოფაზე", - ნათქვამია განცხადებაში.