შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, გამორიცხულია რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, თუ ოფიციალური თბილისი ევროკავშირს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის. აღნიშნულ საკითხზე ზაქარეიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და შესაბამის მოსაზრებს "არასწორი" უწოდა.
''"არსებობს მოსაზრება, რომ თუ უარს ვიტყვით ნატო-სა და ევროკავშირზე, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. ეს გამორიცხულია. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ეს პოზიცია, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ომის შემდეგ შემოგვთავაზა, შევიდეთ დსთ-ში და აფხაზეთსა და ე.წ. სამხერთ ოსეთში პრობლემები მოგვარდებაო. დავინახეთ, რომ პირიქით მოხდა. ჩემთვის პირველ რიგში ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა. ნატო-ს წევრი ქვეყნის ღირებულებებია დემოკრატიული ღირებულებები, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მოძრაობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანაში ალიანსის შექმნის შემდეგ საომარი მოქმედებები არ ყოფილა, მაშინ როცა ვხედავთ დსთ-ს შემთხვევაში რაც ხდება.
'"არ ვსაუბრობ მარტო საქართველო-რუსეთ კონფლიქტზე, ავიღოთ უკრაინაში რა ხდება. დსთ-ს წევრი ქვეყნები არიან იგივე აზერბაიჯანი, სომხეთი", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ამის პარალელურად ზაქარეიშვილმა განაცხადა ისიც, რომ მაქსიმალურად დალაგებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან, რომ '"მისმა ფაქტორმა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში ხელი არ შეგვიშალოს".
''"მე სწორედაც მკაფიო მომხრე ვარ, რომ რუსეთის თემა ხელისშემშლელი არ უნდა იყოს", -დასძინა ზაქარეიშვილმა.