ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლოზე ივანიშვილისა და ოქრუაშვილის დაკითხვის წინააღმდეგია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლოზე ივანიშვილისა და ოქრუაშვილის დაკითხვის წინააღმდეგია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, ხალვაშის ადვოკატი საჭიროდ არ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა პაატა სალიამ პროცესზე აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მხარის მოთხვონა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება დღესაც ვერ მიიღოს და პროცესები უსასრულოდ გაიწელოს.

„არ ვეთანხმები ამ შუამდგომლობას. „რუსთავი 2“-ის მხარე ამით ფარსის ელემენტების შემოტანას ცდილობს. მიგვაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა. ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა თუ უნდოდათ, დაეყენებინათ შუამდგომლობა თავის დროზე. ოქრუაშვილს არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმესთან. ისიც სიცრუეა, რომ თითქოს ირაკლი ოქრუაშვილმა ხალვაშს ფული მისცა და ეს ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებით უნდა დამტკიცდეს. არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, ეს აბსურდია. მხარეს სურს, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს და პროცესები უსასრულოდ გაიწელოს, თანაც, არც ივანიშვილის პირადი ნომერი აქვთ მითითებული, არც მისამართი, რაც მოწმის დაკითხვისთვის აუცილებელია“, - განაცხადა სალიამ.

ამ წუთებში სასამართლოზე შესვენებაა გამოცხადებული. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე შუამდგომლობის განხილვისთვის გავიდა.