საპროკურორო საბჭო 19 ნოემბერს მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებელ სამი წარდგენილი კანდიდატიდან, ერთს კენჭისყრის გზით აირჩევს.
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი იუსტიციის მინისტრის მიერ მთავრობას წარედგინება, რომელიც თავის მხრივ, მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, 19 ნოემბერს კენჭისყრის პროცესზე დასწრება და დაკვირვება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
„დღეს ჩატარდა საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა. ამ საბჭოს უფლებამოსილებაა შეარჩიოს მთავარი პროკურორის კანდიდატი. დღეისთვის სულ სამი კანდიდატურაა შერჩეული: კახი კახიშვილის, ირაკლი შოთაძის და პაატა შავაძის. ბატონმა კახიშვილმა მოხსნა კანდიდატურა და სამწუხაროდ, მე მის შეყვანას ამ 3-კაციან სიაში ვეღარ შევძლებ. კონსულტაციები გაგრძელდება 13 ნოემბრამდე. 19 ნოემბერს 11:00 საათზე საბჭო კვლავ შეიკრიბება და განიხილავს სამი კაცისგან შემდგარ სიას და მას კენჭს უყრის. რომელი კანდიდატიც მიიღებს მეტ ხმას, ის წარედგინება მთავრობას, რომელიც თავის მხრივ, შემდეგ პარლამენტს გადაუგზავნის. ჩვენ შევთანხმდით, რომ 19 ნოემბერს იქნება ბიულეტინები, ყუთი და ასევე, იქნებიან დამკვირვებლები“, - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. შესაბამისად, თუკი წარდგენილი კანდიდატურებიდან არცერთი არ იქნება ქალი, იუსტიციის მინისტრს თავად მოუწევს შეარჩიოს მთავარი პროკურორობის ქალი კანდიდატი.