უკრაინის ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს

უკრაინის ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი , რომელიც უკრაინის ერთ-ერთი გუბერნიის ხელმძღვანელია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვას.

"როდესაც მე გახლდით ვიზიტით კიევში, მაშინაც ჩემს მეგობრებს უკრაინელ მაღალჩინოსნებს, ჩემს კოლეგას, იქაურ მედიას, როდესაც შევხდი ვუთხარი, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქე იყოს მაღალჩინოსანი და უკრაინის წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადებებს აკეთებდეს. ისინი მიხვდნენ რას ვგულისხმობდი და გაიკვირვეს. ახლა გაკვირვების დრო აღარ არის. უკრაინამ და მისმა ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი გუბერნიის ხელმძღვანელია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. მისი მიდგომა არის ძალადობისკენ, მისი მიდგომა არის იქეთკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ შანსები ხელისუფლებაში დაბრუნების, "ნაციონალური მოძრაობა" მისი ხელმძღვანელობით მზად არის და არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას. რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რეაგირება", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რა იქნება ეს რეაგირება, ამის მრჩევლად ქართული მხარე ვერ გამოდგება, რადგან უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო.

"რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, აქ ვერ მოხდება დესტაბილიზაცია, საქართველო გააგრძელებს განვითარებას და მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებებს. ასე იქნება მომავალში მუდამ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.