აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები, დემოკრატია და კონკურენტული მედია გარემო საქართველოში მაინც განვითარებას განაგრძობს.
ამის შესახებ ნათქვამია არჩილ გეგეშიძის წერილში სახელწოდებით, „საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის“, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.
წერილში აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბრის სარედაქციო სტატიაში „დემოკრატია თხელ ყინულზე“, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა არასწორად დახასიათდა.
„2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც არსებული მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედია პლურალიზმის და ადამიანის ძირითადი უფლებების გაუმჯობესების მხრივ. ყველა კვლევის ანგარიშში, საქართველო უფრო თავისუფალი და უფრო მეტად დემოკრატიულია, ვიდრე ოდესმე. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2015 წლის ანგარიშში მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 69-ე ადგილს იკავებს 180 ქვეყანაში და 2012 წლის შემდეგ 35 ადგილით დაწინაურდა. მსოფლიო მმართველობის კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა ბოლოს გამოაქვეყნა, ხაზგასმულია ჩვენი პროგრესი. 2012 წლიდან საქართველო 16 ადგილით დაწინაურდა ანგარიშვალდებულების კუთხით, 19 ადგილით კანონის უზენაესობის კუთხით, 22 ადგილით პოლიტიკური სტაბილურობის და მთავრობის ეფექტურობის მხრივ და 23 ადგილით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დავა კი სამწუხარო მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს. საქმის ფესვები გადგმულია წარსულში, როცა ქონების უკანონო დაყადაღება და დაშინება საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ამის მოგვარების ერთადერთი გზა გადის პატიოსან და გამჭვირვალე სამართლებრივ პროცესზე, საერთაშორისო არბიტრთა მაქსიმალური ყურადღების თანხლებით. ეს სასამართლოების გადასაწყვეტია თუ ვინ არის კანონიერი მფლობელი. არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები, დემოკრატია და კონკურენტული მედია გარემო საქართველოში აყვავებას განაგრძობს“, - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე დღის წინ სარედაქციო საბჭოს მიერ მომზადებული სტატიით გამოეხმაურა. სტატიაში, რომლის სათაურია -„მთავრობის მიერ პოპულარული ტელეარხის მიტაცება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება“, საქართველოს ხელისუფლება მკაცრად არის გაკრიტიკებული. როგორც The Washington Post-ი წერს, ხელისუფლების მტკიცება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს, არ სჯერა ქართველი პოლიტიკური აქტივისტების და სიტყვის თავისუფლების დარგში საერთაშორისო მონიტორების უმეტესობას, რომლებიც სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის ბოლო მაგალითებზე მიანიშნებენ.