ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს, - ასე უპასუხა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალესანდრა ჰოლ ჰოლიმ "რუსთავი2" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დასმულ კითხავს.
როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალადობის და რევოლუციის დრო ახლა არ არის.
"ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ავრცელებენ განცხადებებს ბოლო დღეების განმავლობაში და მკაფიოდ განმარტავენ, რომ არ არსებობს განზრახვა, მოაწყონ რაიმე სახის ორგანიზებული, ძალადობრივი ინციდენტები. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის მხრივაც საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და მესმის, რატომ არის ასეთი მაღალი ინტერესი "რუსთავი2"-ის საქმის მიმართ, თუმცა ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს. როდესაც ჩანაწერების შესახებ გავიგე, ერთი მხრივ, შევწუხდი, რომ ადამიანების პირადი საუბრები საჯარო გახდა, მეორე მხრივ კი, მათი შინაარსი სამწუხაროა, რადგან დემოკრატიის მხრივ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და ახლა არ არის დრო ძალადობისთვის, რევოლუციისთვის. პროგრესისკენ მიმავალი გზა ისაა, რომელზეც საქართველო უკვე დგას და დემოკრატიას აშენებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალესანდრა ჰოლ ჰოლიმ.
დიდი ბრიტანეთის ელჩი დღეს შუალედურ არჩევნებსაც გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა. "მომეცა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი არჩევნების მიმდინარეობას საგარეჯოში და ვიხილე, რომ ძალიან პროფესიონალურად მიმდინარეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესიერი წარმომადგენლების მიერ, საქართვლოს მოქალაქეები კი ძალიან ცივილიზებულად მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში. ამით საქართველომ ნამდვილად უნდა იამაყოს. ამ დროს ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალადობას ლეგიტიმურად მიიჩნევს. მსურს ყველას მოვუწოდო, გააკეთონ განცხადება, რომ არ ემხრობიან ძალადობის იდეას, მოვუწოდო მათ მშვიდობიანი დიალოგისკენ. იმედი მაქვს, ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება დავეხმარებით ყველა დაზარალებულ პარტიას, პრობლემებს მშვიდობიანად მოვაგვარებთ. ხოლო რაც შეეხება უცხოელებს, რომლებსაც ამ ქვეყანაზე ძალიან შესტკივათ გული, ჩვენ აქ უბრალოდ ინსტრუმენტის როლში კი არ ვართ, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანას დავეხმაროთ", - აცხადებს დიპლომატი.