თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში თურქეთში პარლამენტს მეორედ ირჩევენ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დღეს თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ივლისში გამართული არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს.

გამოცემა წერს, რომ მიმდინარე არჩევნების ინტრიგა იმაში მდგომარეობს, შეძლებს, თუ არა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტია, რომელსაც სათავეში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უდგას, დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. ბოლო 13 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული პარტია ფლობდა პარლამენტში უმრავლესობას.

ერდოღანს მისი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება შესაძლებლობას მისცემდა საკონსტიტუციო რეფორმა განეხორციელებინა, რომლითაც ქვეყანას საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანდა.

ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, თურქეთის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული. როგორც ცნობილია, ბოლო ტერაქტის შედეგად, 10 ოქტომბერს ანკარაში 100 ადამიანი დაიღუპა.