ძმები ყარამანიშვილები

ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები, მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ყარამანიშვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას სურს და უნდა "რუსთავი 2" მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს.

"ამ განცხადების გაკეთებას გვაიძულებს ის უკანონობა, უსამართლობა და ძალადობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების მიზნით ხორციელება. ეს ძალადობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 წელია მიზანმიმართულად ახორციელებს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით. ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა. ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით. სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე "რუსთავი 2"-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილებისა და იურიდიული კვალიფიკაციის გათვალისწინებით, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინს და პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას. "რუსთავი 2" უპირობო ლიდერია ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანიის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემები უმაღლესი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს, რაც თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის და სხვა თანამშრომლების დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო სიმამაცის შედეგია. სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია. დიახ, "რუსთავი 2" კრიტიკული ტელევიზიაა. ვინ იცის, გაშუქდებოდა თუ არა საყდრისის, პანორამა თბილისის, ეკონომიკური კრიზისისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური სხვა თემები, რომ არა "რუსთავი 2". სწორედ ამიტომ უნდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, "რუსთავი 2" მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს. ჩვენი პოზიციის სამართლებრივი სიმყარე აშკარაა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის, მაგრამ საკითხს აქვს სუფთად პრაგმატული მხარეც. დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის _ ისეთი "რუსთავი 2", როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, "რუსთავი 2"-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ "რუსთავი 2"-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი. მადლობა ყველას, ვინც დგას ტელეკომპანიის გვერდით. თქვენ გვიცავთ ჩვენ და ამით, იცავთ საკუთარ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.