ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.
ჟვანიამ შესაბამისი მოწოდება ცესკოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მინდა მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულნი, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მითუმეტეს, რომ საარჩევნო პროცესმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. მე-13 უბანზე ახლა მიმდინარეობს, როგორც ამ უბნის, ისე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნის შედეგების დათვლა. იქ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს და პირიქით, ხელი შეუწყონ რომ არჩევნები დასრულდეს მშვიდად, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საგარეჯოსა და მარტვილში გუშინ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა.