საგარეჯოში, უჯარმის N13 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის პარალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. საარჩევნო უბანი ჩაკეტილია და უბანში შესვლის და გამოსვლის საშუალება არავის აქვს.
ადგილზე იმყოფებიან "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები. საარჩევნო უბანი ჩაკეტილია და უბანში შესვლის და გამოსვლის საშუალება არავის აქვს.
უჯარმის N13 საარჩევნო უბანზე მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხმები უნდა დაითვალონ. "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ უბანზე ხმების გაყალბებაა მოსალოდნელი. მათივე თქმით, ისინი ხმებს ბოლომდე დაიცავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნაზე იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო.
არ არის გამორიცხული, "პატრიოტთა ალიანსმა" უჯარმის შედეგების გაუქმება მოითხოვოს.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.
ჟვანიამ შესაბამისი მოწოდება ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განსაკუთრებით უჯარმაში შეკრებილ პირებს მიმართა.
"მინდა, მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულნი, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მითუმეტეს, რომ დღევანდელმა საარჩევნო პროცესმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. მე-13-ე უბანზე ახლა მიმდინარეობს, როგორც ამ უბნის, ისე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნის შედეგების დათვლა. იქ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს და პირიქით, ხელი შეუწყონ რომ დღევანდელი არჩევნები დასრულდეს მშვიდად, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს 50 უბნიდან ამ დროისთვის 48 უბნის მონაცემები დათვალა. 48 უბნის მონაცემების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კვლავ კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხიდაშელს ხმა 6967-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 48.02 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე – 47,48 %-ით (6880 ხმა) "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილია, შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: მიხეილ ანდღულაძე – 1,67 %, გიორგი დავითაია – 2.3 % და ზურაბ ჯორბენაძე – 0,45 %.
საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანია.