საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო

საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

"20:00 სთ-ისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა 34,43%-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 40%-მა, დმანისში - 35%-მა, ვანში - 47,57%-მა, ხოლო ხობში - 54,14%-მა.

მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

20:30 სთ-ზე ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ: „საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში - 12, ხოლო საგარეჯოში - 4.

მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე წარადგინა სტატისტიკა ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების შესახებ, - დღეს სულ 27 ზარი განხორციელდა, რომლებიც ძირითადად პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ეხებოდა.

ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშეწყობისთვის.

წინასწარ შედეგებს ცესკო უახლოეს რამდენიმე საათში გაგაცნობთ.