ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს", - ნათქვამია სამძიმროს წერილში.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ლაინერზე "Airbus-321" 217 მგზავრი და შვიდი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 17 ბავშვი.

მედიის ცნობით, ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი "Airbus-321" ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ლაინერი, რომელიც შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აცხადებენ, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.