"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აცხადებენ, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებელ ინფორმაციას, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა აიღეს. ოფიციალური განცხადება მათ სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

რუსული მედია წერს, რომ ტერორისტებმა თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.

"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პროვინცია სინაიში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს, რომლის ბორტზეც 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა. მადლობა ღმერთს, ყველა მათგანი მოკლულია", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა სინაის ნახევარკუნძულის იმ რაიონში განიცადა, სადაც შეიარაღებული მებრძოლები აქტიურობენ.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.