თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე

თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე "ნასვამი მხარდამჭერების თარეში" აღკვეთოს

საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატს ირმა ინაშვილს მოუწოდებს, აღკვეთოს "მისი ნასვამი მხარდამჭერების თარეში საარჩევნო უბნებზე".

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თამარ ხიდაშელმა განაცხადა, ინაშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ. მან აღნიშნა, რომ საგარეჯოს # 9, 20, 39, 42 და მე-3 უბანზე პროვოკაციები დაფიქსირდა.

"ამ ინციდენტებში მთავარი მოქმედი პირი არის ვინმე თორნიკე გასვიანი, რომელიც გადაადგილდება "მერსედესის" ჯიპის ავტომობილით ნომრით ZRZ 225",- განაცხადა თამარ ხიდაშელმა და ბრიფინგზე "პალიტრა ტვ"-ს მიერ კადრში დაფიქსირებული პირი წარადგინა, რომელიც სწორედ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდება და ხიდაშელის მხარდამჭერების მისამართით იგინება.

თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიხეილ ცილიკაშვილი, რომელიც ინაშვილის შტაბის წეარმომადგენელია და მას გააჩნდა იარაღი. ხიდაშელის თქმით, შესაძლოა, მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს, თუმცა იარაღით ყოფნა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ უწყობს ხელს არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას.

ჩამოთვლილი უბნების გარდა, როგორც თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და მას აქვს ინფორმაცია, რომ უპირატესობა სწორედ საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გააჩნია.

მან კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გარკვეულ უბნებზე მოსყიდვა მიმდინარეობს.

თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ მისი სახელით მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, ინაშვილის შტაბს კი, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ინაშვილის შტაბის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად სოფლების გამგებლები და რწმუნებულები არიან მობილიზებული, თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ არც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ჩემი შტაბის მხრიდან მათი მობილიზება არ ხდება", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მან ასევე სამართალდამცველებს მოუწოდა ბრიფინგზე გამოთქმული ფაქტების შესახებ მოკვლევა დაიწყონ.

ბრიფინგზე ასევე განცხადება გააკეთა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ. მისი თქმით, საგარეჯოში გადაადგილდებიან წითელი ბარათებით ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ ამომრჩევლები.

მისი თქმით, აღნიშნული ავტომობილების ნაწილი არის ტაქსი, რომელსაც ასევე გააჩნია წითელი ბარათი და რომელსაც ინაშვილის მხარდამჭერები გადაჰყავს. პროვოკაციები, როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, იმ უბნებში ხდება, სადაც მისი თქმით, ინაშვილს სუსტი პოზიციები გააჩნია.