აშშ ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მათი მოსაზრებები ისე უნდა აღვიქვათ, როგორც კეთილისმსურველის პოზიციიდან გამოთქმული, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩი და ამერიკის საელჩო ჩართულები არიან ამ მოვლენებში და ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს. სრულად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ძალადობის მხარდამჭერი განცხადებების კეთების ადგილი არ არის. ვფიქრობთ, ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყდეს მსგავსი მოწოდებები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აქციების გამართვა და მედიასივრცის შევიწროვება, ნამდვილად გასათვალისწინებელია. აშშ ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მათი ეს მოსაზრებები ისე უნდა აღვიქვათ, როგორც კეთილისმსურველის პოზიციიდან გამოთქმული მოსაზრებები", - განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთლის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.