იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით წილის მესაკუთრეთა შესახებ ცვლილებას იძულებითი აღსრულება არ სჭირდება.
„როდესაც წილებზე მიდის დავა, აქ შეშვება-არშეშვებაზე არ არის და ვერ იქნება საუბარი. იმ კონკრეტულ ერთ ადამიანს იძულებითი აღსრულება არ სჭირდება. ის მივა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდება, ანუ, იძულებითი ღონისძიებებით აღსრულება წილების მესაკუთრის ცვლილებას, რომელიც რეესტრში რეგისტრირდება, არ სჭირდება. ანუ, ფიზიკური შესვლა-არშესვლა ან მსგავსი რაღაცეები იქ საჭირო არ არის. თუ წილების მესაკუთრეთა ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი რეესტრში დარეგისტრირდება, ამის შემდგომ წილით ახალი მესაკუთრე იძენს უფლებას მიიღოს გადაწყვეტილებები კომპანიასთან, მის არსებობა-არარსებობასთან, მის ლიკვიდაციასთან, რეორგანიზაციასთან, ადმინისტრაციასთან და არა თანამშრომლებთან დაკავშირებით. თუ კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორის შეცვლის შესახებ, ამ შემთხვევაშიც არ არის იძულებით აღსასრულებელი ღონისძიება, ეს ცვლილება რეესტრში დარეგისტრირდება და თუკი ვინმე ამ ყველაფერს არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი კიარა, სამართალდამცავი ორგანოების მოწვევა მოხდება დარღვეული პროცედურების თუ უფლებების დასაცავად. ხაზგასასმელია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აქტუალური გახდა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და საზოგადოებაში არასწორი თუ არასრულყოფილი ინფორმაციები ვრცელდებოდა“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, დირექტორის შეცვლის მიუხედავად, კომპანია ჩვეულებრივი წესით აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ წილის მესაკუთრის ცვლილებამ უფლებრივად შეიძლება პროცედურები წარმოშვას დირექტორთან ან კომპანიის არსებობასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, მათ შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ დირექტორი ღებულობს“, - დასძინა მან.