დღეს ჩვენი მეგობრობის სიმბოლოს რესტავრაცია დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ივანიშვილი თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიას დაესწრო. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არის საოცრად ლამაზი ეკლესია.
"ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება შეიძლება ითქვას არის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია", - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო და სომხეთი ცხოვრობს ძმობასა და კეთილმეზობლობაში.
"სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა. ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.