სოფელ გიორგიწმინდაში

სოფელ გიორგიწმინდაში "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ირმა ინაშვილისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ინაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა, საარჩევნო უბანზე მისული იყო სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და დაპირისპირება აღნიშნულს მოჰყვა. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილები.
"მიმდინარეობს ძალადობა სოფლის გამგებლის მხრიდან. იგი დგას უბანში, აშინებს სოფლის მოსახლეობას და ვერ ვაცილებთ უბნიდან. როცა პროტესტი გამოვხატეთ, მოიყვანა თავისი ზონდერ ჯგუფები და ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს სცემენ", - განაცხადა ირმა ინაშვილის მხარდამჭერმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სოფლის გამგებელი დაკითხვაზე წაიყვანა.