საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ტარდება

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ტარდება

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ. მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია. 
გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან მუშაობს როგორც კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ-ჩატი და ონლაინ ოპერატორი. 
მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.