საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
კომისიის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში იმართება.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში - 1, ვანის საარჩევნო ოლქში - 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი.
"ველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც კი ცესკო მიიღებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: რესულტს.ცეც.გოვ.გე. საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები (ასევე, ორენოვანი ბიულეტენი აზერბაიჯანული თემისთვის), შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის", _ განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.
საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში. კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.
ცესკო-ს განცხადებით, არჩევნების დღეს აკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.
"შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბერს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", _ აცხადებენ ცესკო-ში.