უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ნატალია გალიბარენკოს ქართული მხარის ნოტა გადასცა.
როგორც ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გუშინ იგი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის შინაარსი გააცნო.
უკლებას თქმით, მან გალიბარენკოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შინაარსის გამო ხელისუფლებისა და საზოგადოების შეშფოთება გადასცა.
"გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის ამონარიდები მათი განცხადებებიდან. გადავეცი ქართული მხარის შეშფოთება, ვთხოვე შესაბამისი რეაგირება, რაზეც ქალბატონმა გალიბარენკომ აღმითქვა, რომ სასწრაფოდ გადასცემს ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას უკრაინის ხელისუფლებას, მთავრობის ყველა სტრუქტურას, ვისაც ეს ეხება. პარალელურად ისინიც საქმის კურსში იყვნენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკრაინის დროებით რწმუნებულს ანალოგიური ნოტა გადასცა", _ განაცხადა უკლებამ.
მისივე თქმით, ნოტაში საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს სატელეფონო საუბრებრის ჩანაწერში გამოთქმულ დესტრუქციულ ქმედებებზე და არეულობაზე და ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. უკლებას განცხადებით, უკრაინულ მხარეს ასევე ეცნობა, რომ დაიწყო პროცედურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა.