საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია გუშინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი ნაზაროვს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი იყო მიწვეული. მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქმეთა დროებით რწმუნებულს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.
"ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედია საშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას", _ აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.