ტეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ყველა პოლიტიკურ ძალას ემიჯნება და სურს აკეთოს ის საქმე, რაც იცის - გააშუქოს მოვლენები.
როგორც ლაფერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, არხის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც რეკომენდაციებს მისცემს არხის ჟურნალისტებს პოლიტიკურ და ანალიტიკურ თემებზე მუშაობისას.
"ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას და გვსურს ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით - ვაშუქოთ მოვლენები, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, საზოგადოების ერთ ნაწილში დატოვა კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფათ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. საუბარია პოლიტიკურ და ანალიტიკურ გადაცემებზე. ეს ინიციატივა განვიხილეთ სწორედ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. რამდენადაც, ის სავსებით მისაღები აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალისტებისთვის, განვიხილეთ ეს საკითხი როგორც არხის ხელმძღვანელობასთან, ისე მფლობელებთან. საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების ფარგლებში. მისცემს არხს რეკომენდაციებს პოლიტიკური მიმართულებით", - აღნიშნა ლაფერაშვილმა.
მისი თქმით, ეს იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო და გასცემს დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს.
"ამ ეთერით ჩვენ გვინდა მივმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ, მიიღონ ჩვენი შეთავაზება და გახდნენ "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. ჩვენი სურვილია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბდეს საბჭო და დაინიშნოს პირველი სხდომა",- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.
ტელეკომპანია საბჭოს შემადგენლობაში შესვლას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას", "სიდას", "მედიის განვითარების ფონდს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას", "საქართველოს რეფორმების ასოციაციას", ფონდ "ინტერნიუსს", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" სთავაზობს. შეთავაზება ასევე მიიღეს ჟურნალისტმა ნინო ჯაფიაშვილმა, მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ და ჟურნლაისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა ნინო ივანიშვილმა.