"რაც საზოგადოებას არაერთხელ აქვს მოსმენილი, ის მოისმინეს გამომძიებლებმა ჩემგან"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თითქმის 8 საათიანი დაკითხვა დასრულდა.

როგორც მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც საზოგადეობამ მისგან არაერთხელ მოისმენია. თუმცა გიგა ბოკერიას, გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.

"რაც საზოგადოებას არაერთხელ აქვს მოსმენილი, იგივე მოისმინეს ჩემგან იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც ასეთ სისულელეზე, ივანიშვილის დაკვეთით აწვალებენ და დროს აკარგვინებენ. ჩვენ კარგად ვიცით რა არის ივანიშვილის მარიონეტების მცდელობა, რომ ეს ჩანაწერი ინტერპრეტირებული იქნას თითქოს, ჩვენ დაპირისპირებაზე ან ძალადობაზე ვართ მოწოდებული. ეს მტკნარი სიცრუეა. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის დაცვაა. რაც ვთქვი ახლა, ეს არის ჩემი ჩვენება, შიგნითაც, გარეთაც, დღესაც და ხვალაც", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის უცნობია, დაიბარებს თუ არა სუს-ი აღნიშნულ საქმეზე კვლავ დაკითხვაზე.