საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ აღნიშნულია კახა კახიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. საქართველოს ახალ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი შრომა იყო გასაწევი. ახალმა ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი ადამიანის უფლებებისა და პიროვნების ღირსების დაცვაზე გააკეთა და ბოლო სამი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმები გატარდა. ჩვენი გუნდისთვის უპირატესი ადამიანია, ხოლო კანონი _ უზენაესი. რეფორმის ქვაკუთხედი კი, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა, რაც უკვე დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან. ეს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში გამოიხატება. ყოველივე ამასთან ერთად, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესში სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარდა უამრავი ცვლილება, დაინერგა სიახლეები და სამომავლოდ დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომელთა ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე, მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, დანაშაულის პრევენციაზე და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე იქნება ორიენტირებული.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს", _ ნათქვამია განცხადებაში.