ელჩები დაინტერესდნენ, ხომ არ არის კავშირი სუს-ის მიერ აღძრულ საქმესა და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვასთან

ელჩები დაინტერესდნენ, ხომ არ არის კავშირი სუს-ის მიერ აღძრულ საქმესა და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, ელჩები შეხვედრაზე დაინტერესდნენ ხომ არ არის რაიმე კავშირი უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრულ საქმესა და მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვასთან, - ამის შესახებ დავით ჯალაღანიამ ჟურნალისტებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია.

როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, გოჩა ლორთქიფანიძემ და ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს მათთვის საინტერესო და დღეს საქართველოში მაღლი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია.

"ეს ეხებოდა იმ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გარკვეული ხნის წინ დააანონსა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ასევე დღეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის მოქალაქეობის შეჩერების საკითხის დაწყებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი დისკუსია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ეს დისკუსია იძლევა იმის შთაბეჭდილებას, რომ ელჩები საკმაოდ დაინტერესდნენ დღევანდელი დღის წესრიგით და მათთვის მოულოდნელად ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

კითხვაზე, განსაკუთრებით რით დაინტერესდნენ ელჩები, ჯალაღანიამ განაცხადა, რომ კითხვები ეხებოდა როგორც გამოძიების მსვლელობას, ასევე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს. "ერთ-ერთი შეკითხვა იყო - ხომ არაა რამე კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. ამაზე როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული პასუხები გასცეს, რომ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არ არის", - განაცხადა ჯალაღანიამ.

რაც შეეხება კითხვას - ესწრებოდა თუ არა დღევანდელ შეხვედრას უკრაინის ახალი ელჩი, ჯალაღანიამ განმარტა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ჯერ დანიშნული არ არის და დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის დროებითი რწმუნებული. როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, დღეს შეხვდება ის უკრაინის დროებით რწმუნებულს, რომელსაც შესაბამის ნოტას გადასცემს, თუმცა ჯალაღანიას არ დაუკონკრეტებია, რა ნოტაზეა საუბარი.