პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ აქვს.
ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა ყურადღება კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე გაამახვილა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს.
"თუკი ვინმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება ამით ის თანხმდება იმაზე, რომ აღარ უნდა საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის ადამიანის, ინდივიდის გადასაწყვეტი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. არა მგონია სახელმწოფის ჰქონდეს შესაძლებლობა, მას შეუნარჩუნოს ის, რასაც კონსტიტუცია კრძალავს. არ მგონია, რომ აქ გარდა ტექნიკური გადაწყვეტილებისა, რაიმე არსობრივ-პოლიტიკური საკითხია გადასაწყვეტი", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეობიდან გასვლა, ადამიანის უფლებაა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეების საკითხს, უსუფაშვილის თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს, პიროვნებას და არა მოქალაქეს. "თუკი ვინმემ მაღაზია გაქურდა, ჩვენ ვიკვლევთ რომელი ქვეყნის მოქალაქეა, თუ ქურდს ვსჯით?! ასევეა ყველა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.