თუკი "ნაციონალური მოძრაობა" გვეუბნება, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერზე მეურვეობაა დასაწესებელი, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ესე იგი, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი დავით ბაქრაძის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?! თუ ამით გვეუბნებიან, რომ მეურვეობაა დასაწესებელი მათ პოლიტიკურ ლიდერზე, რბილად რომ ვთქვა, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვას, ამ საკითხს განვიხილავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს არანაირ ძალადობას, ბრძოლა კი თავისუფალი სიტყვის დასაცავად კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება.
"პირველ რიგში, კითხვა უნდა დაისვას იმაზე, თუ რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ მივედით ამ კრიზისამდე. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი - ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენს თვალწინ მთავრობა ცდილობს, "რუსთავი 2" ხელში ჩაიგდოს. მთავრობა ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტს ებრძვის. ამან საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების რისკის წინაშე მიიყვანა. რაც შეეხება ძალადობას, მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არც ერთ ჩვენ აქტივისტს საპასუხო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ვიბრძვით. ჩვენი ამოცანაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკიდებსა და გადატრიალებაზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, მომატებულ სიღარიბეზე. ჩვენ ვიბრძოლებთ კონსიტუტუციურ ფარგლებში, მაგრამ ხაზგასმით და კატეგორიულად ვამბობ _ ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის თავისუფალი ეთერისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.