„დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს!“

„დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს!“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა“.

„მივმართავ ყველას, ჩვენს მოსახლეობას, რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. მე პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დასაცავად, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ  ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს! მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც: თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია. მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად: კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში.  სახელმწიფო და პირადად მე ვაცხადებ, რომ ვიქნები გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, თითოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის. მე ასევე, მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას, კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. ნებსით თუ უნებლიედ არ აღმოჩნდეთ ამ პროვოკაციის, ამ შესაძლო შეთქმულების თანამონაწილენი“, - აღნიშნა პრემიერმა.