"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სიტუაციის ესკალაციით დაინტერებულ ძალებს "ერთი ადგილის დაყენებისკენ" მოუწოდებს.
როგორც ალასანიამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, დარწმუნებულია, რომ "რამის აგორების თავი არც ერთ მხარეს აქვს და არც მეორეს".
"გავრცელებული აუდიოჩანაწერები მოწმობს იმას, რომ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, არც ერთს აქვს თავი და არც მეორეს რამის აგორების. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ყველას მოვუწოდებ, ერთი ადგილი დააყენოს და დაანებოს თავი ასეთი ფორმით ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას. აღარ უნდა ხალხს, აღარ შეუძლია ასეთი დაპირისპირების, ასეთი ისტერიკის მოსმენა. რატომ არ ლაპარაკობენ ქვეყნის ეკონომიკას როგორ გამოიყვანენ ასეთი კრიზისიდან? – ეს არის სალაპარაკო, ისევე როგორც, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში დღითიდღე ეცემა ჩვენი იმიჯი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ალტერნატიული პარტია სწორედ მისი პოლიტიკური ძალაა.
"სწორი გავაკეთეთ რომ ეს ჭირი (სააკაშვილი) მოვაცილეთ ჩვენს საზოგადოებას 2012 წელს, მაგრამ აქ მეორე უბედურებისკენ მივდივართ – მთავრობის არაკომპეტენტურ, არაპროფესიონალ წარმომადგენლებს ქვეყანა შეყავთ კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ ჩიხში. ამის ფონზე გამოდის მთავრობის თავმჯდომარე და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენს - ამით ის პრაქტიკულად ახალისებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ერთადერთი ნორმალური შეფასება, რომელიც სიტუაციის დაშოშმინებისკენ იყო მიმართული, გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე თავს დაესხნენ. მის ინსტიტუტსაც აკნინებენ ახლა სპეციალურად, რომ ავტორიტეტები არ დარჩეს. რასაც აკეთებდა სააკაშვილი იგივეს აკეთებს ივანიშვილი, ამიტომ არც ერთი არ უნდა იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან და არც მეორე. ალტერნატიული ძალა, "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ვამბობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური ჩიხიდან, ისევე როგორც იმ შანსების გამოყენება, რომელიც საქართველოს შეექმნა", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.