თურქეთში, ოპოზიციური ტელეკომპანიების ოფისების შტურმით აღებას აშშ და დასავლეთი გამოეხმაურნენ

თურქეთში, ოპოზიციური ტელეკომპანიების ოფისების შტურმით აღებას აშშ და დასავლეთი გამოეხმაურნენ

თურქეთში, ოპოზიციური ტელეკომპანიების ოფისების შტურმით აღებას აშშ და დასავლეთი გამოეხმაურნენ. თურქი სამართალდამცველები "კოზა იპეკის" ჰოლდინგის კუთვნილი ტელეკომპანიების, Kanalturk-ისა და Bugun TV-ის ოფისებში 28 ოქტომბერს შევიდნენ. შენობებთან შეკრებილი აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები კი, ძალისმიერი გზით დაარბიეს.
თურქეთის ხელისუფლებამ "კოზა იპეკის" მფლობელობაში მყოფი 22 კომპანიის მართვა ჩაიბარა. ოფიციალური ანკარა ჰოლდინგს აშშ-ში მცხოვრები თურქი ოპოზიციონერის - ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. რეიდები 1-ელ ნოემბერს დაგეგმილი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე ჩატარდა.
როგორც თურქული გამოცემა "თოდაყ"ს ძამან"-ი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, "დაიცვას უნივერსალური დემოკრატიული ფასეულობები".
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა. "თავისუფალი მედია - დემოკრატიის ქვაკუთხედია", - აღნიშნა მან "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში. 
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი "ყურადღებით აკვირდება" "კოზა იპეკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. 
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა კი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ თურქული პოლიციის რეიდები "საგანგაშო ილუსტირებაა იმ სახიფათო გზის, რომელიც თურქეთმა ბოლო თვეებში, მედიის თავისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აირჩია".
თავის მხრივ, თურქეთში ევროკავშირის დელეგაციამ, "ტვიტერის" ოფიციალურ მიკრობლოგში აღნიშნა, რომ კომპანია "კოზა იპეკის" წინააღმდეგ მიღებული ზომები "თურქეთში საინფორმაციო სივრცეს ზღუდავს".
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი მედია -გასაღებია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".
განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის პრესმდივანმა დენიელ ჰოლთგენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ "მედიასაშუალებებზე რეიდების განხორციელება და მათთვის საკუთრების ჩამორთმევა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღიად ტოვებს კითხვებს მედიის თავისუფლების შესახებ".
შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, პატივის სცენ დემოკრატიულ სტანდარტებს და თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
თურქეთში ოპოზიციური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ჩატარებულ რეიდებს უფლებადამცველი ორგანიზაციებიც გამოეხმარნენ. Fრეედომ Hოუსე-ის შეფასებით, ეს იყო "ცენზურის" აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დებატებზე კონტროლის დამყარებას.