"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში საუბარია არა შეიარაღებულ ადამიანებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი გააჩნიათ.
როგორც ბოკერიამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, თუკი ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ტელეკომპანიის მხარადმჭერები მათ წინააღმდეგობას გაუწევენ.
"თუ კარგად მოუსმენთ საუბარს, მიხვდებით, რომ არანაირ შეიარაღებულ ბოევიკებზე იქ საუბარი არ არის. საუბარია წინააღმდეგობის გაწევის უნარზე, თუკი ასეთი სცენარი განვითარდება. თუ ივანიშვილი მართლა გადაწყვეტს, რომ ძალით უნდა აიღოს "რუსთავი 2"-ის შენობა. იმ პირობებში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღიად მოუწოდებს ხალხის ლინჩის წესით გასამართლებისკენ, მაშინ როდესაც დაქირავებული მოსამართლის ხელით უნდა მოხდეს მთავარი ინფორმაციის წყაროს ჩახშობა ქვეყანაში, ჩვენ ეს პოზიცია გამოვთქვით იქამდეც, რომ ამას წინააღმდეგობას გავუწევთ, ჩვენი მასობრივი დემონსტრაციებით და თუ თავდასხმაზე წამოვა ხელისუფლება, მათი დაქირავებული რაზმი ან სამართალდამცავი ორგანოები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას შევეგუოთ. ეს იქნება კატასტროფა", - განაცხადა ბოკერიამ.