„რუსთავი 2“ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მისი ახლო მეგობარია და მასთან ბევრი საერთო პოზიცია გააჩნია.
გვარამიას თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი, როგორც სურს და დასძენს, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერიდან ათი დღეა გასული, თუმცა მას ტელევიზიასთან ბარიკადები არ დაუმონტაჟებია.
„მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს. ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს. ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. რამდენად გავიზიარე ეს მოსაზრება მე, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და თუ იპოვით ერთ ბარიკადს მაინც, მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება ისე გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები, როგორც მას სურს და ის ამისთვის პოლიკურ პასუხისმგებლობასაც იღებს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, ჩვენ გაქვს მათთან კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი. ჩემთან პირად საუბარში ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მსგავსი პოზიცია გამოუშვა. არ გამიკვირდება, რომ ეს საუბრებიც დაიდოს. ყველამ თქვა, რომ ისინი არ გამორიცხავენ სროლას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა გვარამიამ.