ბოკერია სატელეფონო ჩანაწერებზე -

ბოკერია სატელეფონო ჩანაწერებზე - "ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, მისი და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ისინი "რუსთავი 2"-ის დასაცავად იბრძოლებენ.

როგორც ბოკერიამ "იმედს" განუცხადა, აღნიშნულ ჩანაწერის გავრცელება ადასტურებს იმას, რომ ფარული მოსმენა კვლავ ხორციელდება.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ასევე, საზოგადოების ნაწილის მყარი პოზიცია აქვს, რომ დაიცვან "რუსთავი 2" და ამაში სიახლე არაფერია.  

"ეს ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს, ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და მეორე, მგონი, კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთ სააკაშვილთან საუბარსო, ეს კი ადასტურებს იმ ამბავს, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილი შიკრიკი იყო. ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად, რომ ახლა, ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ მე პირადად და ჩემს თანაგუდნელებსაც ახალი ამ თვალსაზრისით სათქმელი არაფერი გვაქვს, რადგან ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, რომელიც არაერთხელ გვითქვამს მედიისთვის. ჩვენთვის წითელი ხაზი არის "რუსთავი 2"-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ ფიზიკურად აღვუდგებით. ჩვენში მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას არ ვგულისხმობ, აქ საზოგადოების ნაწილიც იგულისხმება. ამაში არავისთვის სიახლე არაფერი არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, რომელიც განხორციელებული იქნება აუცილებლად", - განაცხადა ბოკერიამ.

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ესაუბრება.