"სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს დავექვემდებარე, ვიყავი პატიმარი"

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ყველას მოუწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, მიუხედავად იმისა, მოსწონს მისი გადაწყვეტილება თუ არა.

ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. როგორც ფოტოგრაფებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, პრეზიდენტი მათი საქმით დაინტერესდა. ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის განცხადებით, მათ პრეზიდენტს გააცნეს ის, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მათ პრეზიდენტს აუხსნეს, რომ ჯერ კიდევ არ არის საქმეზე გრიფით "საიდუმლო" მოხსნილი.

"პრეზიდენტს გავაცანით მდგომარეობა. ვუთხარით, რომ დღემდე ფოტოგრაფების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და რომ ჩვენ, ამ დრომდე ვითხოვთ მის მოხსნას. ასევე გამოვთქვით იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ცხადია, არ მომწონს ის გადაწყვეტილება, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში მიიღო სასამართლომ, იმ სასამართლო გადაწყვეტილბას დავექვემდებარე, ვიყავი პატიმარი. 4 წელი მქონდა მოსჯილი და დღეს ვცდილობ, რომ რეაბილიტაცია მოვახდინო და იგივე სასამართლოს მივაღებინო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია სამართლიანად", - განაცხადა აბდალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ “პრაიმტაიმის” ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი გიორგი აბდალაძე, ევროპის “პრესფოტო სააგენტოს” ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და სააგენტო “ასოშიეითედ პრესის” ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი დააკავა. აივაზოვი დაკავების დღესვე გაათავისუფლეს. ორი დღის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს ნათია გედენიძეც. გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო.