ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.

"გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის "რუსთავი 2"-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ არეალს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.

კვლავ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა და წევრთა სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ექს-პრეზიდენტის, თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების ჩათვლით.

შეშფოთებას გამოვთქვამთ წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, საგამოძიებო ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.

ამასთან, შოკირებულები ვართ იმ ინფორმაციით, რომ ახლახან ოპოზიციის რეგიონულ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, რასაც მოყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიუღებელი განცხადებები. ნაცვლად ამისა, მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ იპოვოს ამ ვანდალიზმში დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს. და ბოლოს, დასანანია მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენა, რომლითაც ცდილობენ იოსებ სტალინის "რეაბილიტაცია" მოახდინონ, ისევე როგორც, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მისი ქანდაკებების ხელახლა დადგმას. ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ და ვთხოვთ ხელისუფლებაში მყოფ კოალიციას, გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მათ შორის საქართველოშიც.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ხელმძღვანელობას და მმართველ კოალიციას, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას სერიოზული საშიშროების ქვეშ აყენებს.

მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროპის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის სამსახურს, ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად", - ნათქვამია განცხადებაში.