„რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ერთადერთი უწყება, რომელსაც ქვეყნის, დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოა.
გვარამიას თქმით, მათ არ ეშინიათ იმ გადაწყვეტილების, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ მისივე თქმით მან შეიძლება გამოიტანოს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება, რაც ტელეკომპანიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.
„ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ არ მისცეს ამ ადამიანს ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დანგრევის შესაძლებლობა. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა ისეთი გამოიტანოს. არ არსებობს ქვეყანაზე მეორე ურთმელიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებს და დატოვებს ძალაში, კერძოდ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. ჩვენ არ გვეშინია იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ მან შეიძლება გამოიტანოს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება, ჩვენ სწორედ ეს გვაქვს გასაჩივრებული. ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია დღეს ქვეყნის გადარჩენა, დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება, ესაა საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა გვარამიამ.