არა ძალადობას! სკოლა ძალადობის გარეშე! ნამდვილად სასურველი მიზანია სკოლისთვის, მაგრამ მანამდე ბევრი კამათი, დისკუსია, პრობლემების სათავისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებაა... ურთულესია ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია თუ პრობლემების წინაშე სკოლა მარტო არ დარჩება...
... როცა არასასურველი შედეგები რეალობა ხდება, უპირველეს ყოვლისა, იწყება მიზეზების ძიება,რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ვეძებთ ძალადობის მიზეზებს,უდაოა,რომ იგი სცილდება სკოლის კედლებს...სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სკოლის გვერდით იდგეს მთელი საზოგადოება. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური მოვლენები სარკესავით აისახება სკოლის ცხოვრებაზე.
სკოლაში სხვადასხვა სოციალური ფენიდან,ოჯახიდან წამოსული მოსწავლეები სწავლობენ. ცხადია, მათ სხვადასხვა ღირებულებები,შეხედულებები დაინტერესები აქვთ, რაც ზოგჯერ,სამწუხაროდ,მოსწავლეთა შორის კონფლიქტებისა და ძალადბის მიზეზი ხდება. თუ ჩვენ რეალისტები ვიქნებით,სკოლაში ურთიერთობების იდეალიზაციის შემთხვევაშიც კი, ასეთ ცალკეულ შემთხვევებს მაინც ვერ ავცდებით,მაგრამ,მადლობა უფალს! ჩვენ, მასწავლებლებს, ძირითად შემთხვევაში შეგვიძლია ამ პროცესების მართვა... გვესმის, არის ცალკეული შემთხვევები,როცა არასაკმარისი ხდება ჩვენი,ზოგადად მასწავლებლის მცდელობა,როგორც ჩანს, ყოველთვის ვერ ჩავიხედეთ მოსწავლის სულში,ვერ ჩავწვდით მის ფიქრებსა და განცდებს,ვერ შევხედეთ სამყაროს მისი თვალებით,მაგრამ ამ შემთხვევათა შედეგები ყველაზე მეტად ხომ ისევ ჩვენ,მასწავლებლებს გვტკივა...
დღეს იმის მტკიცება,რომ სკოლებში ძალადობა მძვინვარებს,ხოლო ჩვენ უმოქმედოდ ვართ, უბრალოდ ტყუილი კი არა დანაშაულიცაა... ეს სამომავლოდ საქმეს ვერ წაადგება,უფრო მეტიც, გამოვა ისე, რომ ვჭრით იმ ტოტს,რომელზეც ვსხედვართ...
როგორც უკვე აღვნიშნეთ,მოსწავლეთა შორის ძალადობის ცალკეულ შემთხვევათა მიზეზები სკოლაში არ იღებს სათავეს,აქ პრობლემათა გრძელი ჯაჭვია,თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს,რომ ჩვენ, მასწავლებლები,ჩვენს პასუხისმგებლობაზე,რომლის ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია,უარს ვამბობთ!
ამ წერილის დაწერის მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მაია ასათიანის გადაცემა „პროფილის“ გასვლა გახდა,სადაც ერთი ძალიან ტრაგიკული შემთხვევის ფონზე სკოლებში თითქოსდა გამეფებულ ძალადობაზე იყო საუბარი, რომელშიც ძირითადი დამნაშავე თურმე მასწავლებელი ყოფილა!
ცხადია, ტელევიზია გავლენას ახდენს ადამიანების აზროვნებისა და განწყობის ჩამოყალიბებაზე და ისმება კითხვა, რა განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ეს გადაცემა ხელს? იმას ხომ არა, რომ მეორე დღეს, მშობელსა ან მოსწავლეს მასწავლებლისთვის ეთქვა: თქვენი უყურადღებობით აი რა მოხდა, მასწავლებელო, შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში!
ამ გადაცემამ გულიც გვატკინა და კითხვაც ბევრი გააჩინა, მაინც რა იყო, ამ გადაცემის მიზანი? პრობლემების მიზეზების ძიება? -ნამდვილად არა! ძალადობის პრევენცია და პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიებაც-არა!
რა მოლოდინზე და შედეგებზე იყო გათვლილი „გაწიწმატებული“ წამყვანის აგრესია მასწავლებლისადმი? სკოლებისა და ზოგადად სისტემისადმი? ნუთუ „პროფილშიც“ გაჩნდა პოლიტიკა? „ცრემლებიდან პოლიტიკამდე“?! -ქალბატონო მაია! თუმცა ეს თქვენი ნებაა,მთავარი კი ისაა, რომ სკოლა და მასწავლებელი ის წითელი ხაზია,რომლის გადაკვეთა გონიერებასა და მეტ სიფრთხილეს მოითხოვს!
დასანანია,რომ ამ გადაცემაში არავინ გამოჩნდა ისეთი, რომელსაც, თუნდაც სკოლიდან გამოყოლილი კეთილი მოგონებების საპირწონედ, ეთქვა - მოდით ამ რთულ საქმეში გვერდით დავუდგეთ სკოლას და ერთად გავხადოთ იგი უსაფრთხო და პოზიტიური გარემო ჩვენი მოზარდებისათვის.
ამიტომ ვთვლით, რომ ეს გადაცემა თავად იყო ერთი დიდი აგრესიის გამოვლენა, რაც ნამდვილად არ და ვერ იქნებოდა კარგი მაგალითის მიმცემი ახალგაზრდობისათვის.
ყველას გასაგონად გვინდა ვთქვათ!
ჩვენ ვიცით, რომ მოზარდებს ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ, ისინი ხომ ჩვენი მოსწავლეები არიან, მაგრამ ამავდროულად ისინი ხომ შვილებია თქვენი! ოჯახმა,სკოლამ, საზოგადოებამ - ერთმანეთის თანადგომით შეიძლება გახადოთ ოჯახიდან სკოლაში მოსული მოზარდი არა თუ მოძალადე, არამედ სხვისი თანამდგომი და მეგობარი!
რაც შეეხება ტელევიზიას, კარგია, თუ არასდროს არ დახუჭავს თვალს პრობლემებზე,მაგრამ მტყუან-მართალის გარჩევისას სამართლიანობა და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა სათუთი თემაა.
ქალბატონო მაია, ადრე, უფრო ადრე, მასწავლებელს მასწავლებლობას ერი გმირობად უთვლიდა,როგორ ფიქრობთ, დღეს შეიცვალა რამე?!
შორენა ახვლედიანი,
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი.