ვარშავის სამიტზე, მითუმეტეს არჩევნების წინ, ნატო-სგან ვეღარ დავკმაყოფილდებით რაიმე "განსაკუთრებული", "სპეციალური", "არსებითი", "მნიშვნელოვანი" და ისეთი ტიპის პაკეტებით , რომელიც არ იქნება გაწევრიანების გეგმის ნაწილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.
მისივე აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მომავალ სამიტებსა და მინისტერიალებზე ნატო-სგან კიდევ ერთხელ უარს მიიღებს, მაშინ ეს უნდა დაბალანსდეს საქართველოსთვის არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით.
"ნატო-სგან კონკრეტული ვადები, კონკრეტული მესიჯები საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით ჯერ არ თქმულა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქვეყანა რამდენიმე წელია, ასპირანტია და როგორც გაცხადებულია, ის ოდესღაც გახდება ალიანსის წევრი. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგია, განსაკუთრებით ნატო-სთან კომუნიკაციასთან მიმართებაში, გარკვეულწილად უნდა მოდიფიცირდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი უწყებრივი ან ერთი პოლიტიკური ხაზის მიერ გატარებული. აქ მთელი სახელისუფლო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული, ხოლო ამ კომუნიკაციის სტრატეგიის მიზანი უნდა მოდოფიცირეს - იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატო-სგან მომავალ სამიტებსა და მინისტერიალებზე მიიღებს კიდევ ერთხელ უარს, მაშინ ეს უნდა დაბალანსდეს საქართველოსთვის არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით, რომელსაც არა მხოლო ჩვენ, არამე უცხოელი საერთაშორისო ექსპერტებიც სწორად მიიჩნევენ. ეს არ არის ზიანის მომტანი, ეს აბათილებს არგუმენტს, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა იქნება უკვე შეუქცევადი. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, შვედეთს მინიჭებული აქვს არაწევრი სახელმწიფოს სპეციალური სტატუსი. ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ეს სტატუსი შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება, რაზეც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება იფიქროს მომავალში ნატო-სთან ურთიერთობაში - კონკრეტულად ერთი წლის პერსპექტივას ვგულისხმობ. ვარშავის სამიტზე, მით უმეტეს არჩევნების წინ, ნატო-სგან ჩვენ ვეღარ დავკმაყოფილებით რაიმე "განსაკუთრებული", "სპეციალური", "არსებითი", "მნიშვნელოვანი" და ასეთი ტიპის პაკეტებით, რომელიც არ იქნება გაწევრიანების გეგმის ნაწილი", - განაცხადა ბოძაშვილმა.
რაც შეეხება MAP-ს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის განმარტებით, უნდა შევთანხმეთ ერთ რამეზე – MAP-ი არ არის ფორმალური პროცედურის მნიშვნელობის მატარებელი. MAP-ის გარეშეც საქართველომ შეასრულა ის ტექნიკური პარამეტრები, მოთხოვნები თავდაცვის, თავსებადობის ნაწილში, რომელიც გათვალისწინებულია ზოგადად MAP-ის მეშვეობით. ასე რომ, არსებითად MAP-ი მიენიჭება თუ არა საქართველოს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამის გარეშეც შესაძლებელია გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, როცა ნატოს სამხედრო გენერალიტეტი აღიარებს, რომ საქართველოს თავსებადობის დონე ალიანსში გასაწევრიანებლად საკმარისია. ამიტომ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ არა ტექნიკური ხასიათის საშინაო დავალებების შესრულებაზე, არამედ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ნატო-ს მხრიდან უნდა იყოს მიღებული. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი გზა. ერთი არის ნატო-ს წევრობა ვარშავის სამიტისთვის და მეორე, თუ ეს მიუღწევადია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსის თაობაზე", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.