საქართველოს საელჩოებიდან პოლიტიკური და არაკორექტული განცხადებები იგზავნება

საქართველოს საელჩოებიდან პოლიტიკური და არაკორექტული განცხადებები იგზავნება

"დიპლომატთა კლუბის" ინფორმაციით, საქართველოს საელჩოების მხრიდან პოლიტიკური და არაკორექტული განცხადებები იგზავნება. ამის შესახებ "დიპლომატთა კლუბის" წარმომადგენელმა, მამუკა ჟღენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მამუკა ჟღენტმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო არაერთი შეტყობინება, სადაც საუბარია სწორედ საქართველოს საელჩოების მხრიდან გაგზავნილ არაკორექტული შინაარსის განცხადებებზე. მისივე თქმით, ეს განცხადებები მიმართულია "ევროპის სახალხო პარტიის" წინააღმდეგ.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ, პირადად მეც, მივიღეთ კონკრეტული შეტყობინებები ჩვენი ევროპელი და არამარტო ევროპელი პარტნიორებისგან, სადაც საუბარია კონკრეტულ არასწორ და არაკორექტულ მიდგომაზე, რომელიც ფიქსირდება. კერძოდ, საქართველოს იმ საელჩოების მიერ, რაზეც შემიძლია მე დღეს საუბარი, სადაც ელჩები დაინიშნენ პოლიტიკური ნიშნით და იქამდე მათ არ უმუშავიათ სისტემაში, ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს, სადაც საუბარია კონკრეტული მმართველი ძალის განცხადებაზე. აქ ორი პრობლემაა – ეს განცხადება შინაარსობრივად არის არაკორექტული, მიმართულია "ევროპის სახალხო პარტიის" წინააღმდეგ, რაც თავისთავად კონკრეტულ ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს საქართველოსთვის შემდგომში. გარდა ამისა, თვითონ დიპლომატიურ სამსახურს არ ევალება და მათ აკრძალული აქვთ ასეთი პოლიტიზირებული საქმიანობა. ჩვენი განცხადების მიზანია, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი და აღმოფხვრას ასეთი ფაქტები", - განაცხადა ჟღენტმა.

მამუკა ჟღენტმა რამდენიმე წერილის შინაარსიც გაასაჯაროვა.

"მე, პირადად, სამი განცხადება მომაწოდეს, რომელიც საქართველოს სამმა საელჩომ გაავრცელა: პირველ განცხადებაში თბილისში, სტალინთან დაკავშირებული განცხადებების დაჩრდილვას ცდილობენ ინტერპარტიული განცხადებით. საუბარია განცხადებაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა სამი ხელმოწერით. ამაზე ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ეს არ შედის საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ფუნქციებში და არასერიოზულად ჟღერს. უმთავრესია ასეთი განცხადებები არ იქნას გაკეთებული, რადგან დაჩრდილვა რთული ხდება", - განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, მეორე განცხადება ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც საელჩოების მხრიდან სხვანაირად გავრცელდა.

"ეს ცუდი პრეცედენტია, რადგან ის ხალხი ვინც ჩვენს ელჩებს უნდა ენდოს, იღებენ სულ სხვა ინფორმაციას. მათ გააჩნიათ რეალური ინფორმაცია, საელჩოებიდან კი მიდის სხვა ტექსტი. ეს მათ საქმიანობას შეუქმნის შეფერხებებს", - აღნიშნა ჟღენტმა.

"დიპლომატთა კლუბის" კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბადრიძის თქმით კი, პრემიერის განცხადება, რომ "არ მიიღებს კრიტიკას", უვიცობის კიდევ ერთი მაგალითია.

"ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის დიპლომატიური სამსახურის დანიშნულება. როგორც საკუთარ, ისე უცხოელ დიპლომატებთან ურთიერთობაში გამოავლინეს მათ სრული უვიცობა. პრემიერის გუშინდელი განცხადება ამის მკაფიო მაგალითია, როდესაც მან თქვა, რომ "ის არ მიიღებს დაუმსახურებულ კრიტიკას არც მეგობრებისგან და არც მტრებისგან". ამგვარი განცხადებები ახასითებს მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებს, ეტყობა მას არ ესმის რამდენად ყურში მოსახვედრია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და რამდენად არწმუნებს მას თუ რანაირი ბუნების ხელისუფლებასთან აქვთ საქმე – გამოუცდელთან, არაპროფესიონალურთან, მაგრამ მიდრეკილს ავტორიტარიზმისკენ. საერთოდ, კრიტიკოსებისთვის მტრების ძახილი არის ამის ნიშანი. მოვუწოდებ ჩვენ ხელისუფლებას, რომ თუკი აქვს უნარი, შეისმინოს რჩევა მათგან ვისგანაც ორ ათეულ წელზე მეტი აქვთ გატარებული ქვეყნის სამსახურში", - აღნიშნა ბადრიძემ.