პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არის თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ თავისუფალი საზოგადოება შექმნან.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების შესახებ.
„როსდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე და იმ რთულ გზაზე, რომელსაც ქართველი ერი ამ მიმართულებით გადის, ძალიან მნიშვენელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნატო, როგორც ალიანსი შეიქმნა იმ ღირებულებების, იმ საზოგადოების ირგვლივ, როგორც იქმნება, ვითარდება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა, როგორც უსაფრთხოების სისტემა იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ საზოგადოებას, სახელმწიფოებს და ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდება და მტკიცდება ეს სისტემა. ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი თავისუფალი, ისტორიულად თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა, რომლებიც მუშაობენ და მოღვაწეობენ იმისთვის, რომ შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია ერთდროულად გამოხატონ თავისი შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სივრცეში. ამ იდეალების ირგვლივ ვქმნით ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქრთველოს დაცულობის, ქართული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც დაცული ადამიანების, დაცული იდეალების ირგვლივ გაერთიანებული სახელმწიფოს შესახებ. საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომ ეჩვენებინა, ეს ჩვენი ნამდვილი იდეალებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა
შეხვედრას დიპლიომატიური კორპუსის, არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი ატლანტიკური საბჭოა.