ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო თავისუფალი, პრესის თავისუფლების კუთხით კი - ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2015 წლის ინტერნეტთავისუფლების ანგარიში, სადაც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების კუთხით მდგომარეობაა მიმოხილული.
ანგარიშის თანახმად, ინტერნეტთავისუფლების კუთხით საქართველომ პოზიცია ორი პუნქტით გააუმჯობესა და 100-დან 24 ქულა მიიღო, აქედან 0 - საუკეთესო მაჩვენებელია.
ანგარიში 2014 წლის ივნისი-2015 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიისა და ICT (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) აპლიკაციების, ასევე პოლიტიკური და სოციალური კონტენტების დაბლოკვის ფაქტები. ასევე არ მომხდარა ბლოგერებისა თუ ICT-მომხმარებელთა დაკავების ფაქტები. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის 49%-ს აქვს.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების თვალსაზრისით საქართველომ 25-ბალიანი სისტემით 7 ქულა მიიღო, აქედან საუკუთესო მაჩვენებელი - 0-ია.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტ და მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ იზრდება, სერვისის მაღალი საფასური, "შეუსაბამო" ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ რჩება დამაბრკოლებელ ფაქტორებად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგიონებში ცხოვრობს ან დაბალი შემოსავალი აქვს. მთავრობამ განაცხადა, რომ ამ პრობლემებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს, თუმცა ციფრული ბარიერის გადალახვისკენ მიმართული ზუსტი სტრატეგია ჯერ არ წარუდგენია", - წერენ ანგარიშის ავტორები.
კონტენტის შეზღუდვის კუთხით საქართველომ 35-დან 6 ქულა მიიღო, აქედან ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი - 0-ია.
"2014-2015 წლებში არ ყოფილა საჯაროდ დაფიქსირებული ცენზურის შემთხვევები მთავრობის ან ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან. სახელმწიფო დაწესებულებები ვებკონტენტს სისტემატური მანიპულაციების მიზნით არ იყენებენ. მეორე მხრივ, ონლაინკონტენტი ქვეყანაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ინტერნეტმომხმარებლები კი, სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალური მედიის ინსტრუმენტებს, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელების მიზნით", - აღნიშნავს Freedom House-ი.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის კუთხით, საქართველომ 40 ქულიდან 11 მიიღო, აქედან საუკეთესო მაჩვენებელი 0-ია.
"საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალთვალის კუთხით რეგულაციების დაწესება საქართველოში გამორჩეულ პრობლემას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 2012 წლის გამოვლინდა უკანონო თვალთვალისა და სატელეფონო საუბრების მოსმენების ფაქტები", - წერია ანგარიშში, რომლის ავტორთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს თვალთვალის შესახებ კანონში შესწორებები შეიტანეს, პერსონალურ მონაცემეთა დაცვის კუთხით კვლავ მოსაგვარებელი საკითხები არსებობს.
"ამასთანავე, არ დაფიქსირებულა ICT მომხმარებელთა დაკავებისა თუ დევნის რაიმე ფაქტი, მათი ონლაინ-საქმიანობის გამო. ასევე არ ყოფილა მომხმარებელთა დაშინებისა თუ მათ წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები", - აღნიშნავენ ავტორები.
რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოებს, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ინტერნეტ თავისუფლების თვალსაზრისით თურქეთი და აზერბაიჯანი ნაწილობრივ თავისუფალი, სომხეთი თავისუფალი, რუსეთი კი არათავისუფალი სახელმწიფოა.