ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოპასუხე მხარე სასამართლო პროცესზე შუამდგომლობას დააყენებს სხდომის გადადების თაობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გუშინდელ პროცესზე ექსპერტის დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო და ვერ მოესწრო სხდომის ოქმის გამოთხოვა.
"ვერ მოვასწარით სხდომის ოქმის გამოთხოვა. წერილი დღეს ჩავაბარეთ კანცელარიაში და მოვითხოვთ ვადას რათა სტენოგრამა გადმოგვცენ", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისი თქმით, თუ არ დაკმაყოფილდება მათი შუამდგომლობა, ისინი დღევანდელ სხდომაზე კვლავ დააყენებენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი არ ელოდებიან მოსამართლის სათათბიროდ გასვლას და გადაწყვეტილების დღეს გამოტანას. ადვოკატ კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარე ასევე არ არის ჩამოყალიბებული მოითხოვს თუ არა გამართლების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.