საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი გახდა

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი გახდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველო 177 ხმით, 2016-2018 წლების ვადით, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრთა 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი. საქართველო საბჭოს წევრად აირჩიეს კონკურენციის გარეშე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.
გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭო გაერო-ს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
"საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი, პატივია გაერო-ს იმ ორგანოს წევრობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაერო-ში მიმდინარე პროცესებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს ყველა დანარჩენ ქვეყანას, რომელიც ასევე არჩეულ იქნა საბჭოში და მადლობას უხდის გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.